28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
შეისწავლიან თუ არა ექსპერტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ჯანდაცვის უწყება იუსტიციის სამინისტროს ექიმების ჩამონათვალს უგზავნის

ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პროფილის ექიმებს შეხვდნენ. ექიმები, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში ჩაერთვებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უწყებას პენიტენციური სამსახური მიმართავს და თავად პატიმრის თანხმობაც იქნება.

ექიმების ჩამონათვალს ჯანდაცვის უწყება დღეს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნის.

"ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ჯგუფი ჰყავს, რომლებიც შესაძლებელია ჩაერთონ ამ პროცესში. დღეს იყო პირველი შეხვედრა ფართო პროფილის ექიმებთან, მათ შორის, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ენდოკრინოლოგიური მიმართულებით. საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის ჩარჩოების დაცვით,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანდაცვის კომიტეტებს და სახალხო დამცველს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით მიმართა. იუსტიციის მინისტრი ყველა მათგანს, დაახლოებით, ერთ საათში შეხვდება.

დღის ამბები