28 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ისტორიული მოვლენა - რას მოუტანს აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ ველზე

ლოიდ ოსტინის მომავალი კვირისთვის დაგეგმილი ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეფასდა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რა თარიღს აირჩევს საქართველოში ჩამოსასვლელად, ჯერ ზუსტად უცნობია, თუმცა ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისი პირველი ქალაქი რომ იქნება, ეს დაზუსტებით პენტაგონში უკვე ითქვა.

ვიზიტის დაანონსებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური განცხადებებიც. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნისთვის და ბევრ შესაძლებლობას იძლევა - როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით.

"კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თანამშრომლობას აგრძელებენ. თუმცა, მთელი რიგი რეფორმებია გასატარებელი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ნატოში გაწევრიანება სურთ. ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევები კი, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით სერიოზულ პრობლემებს ქმნის,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფი "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, საქართველომ ამ ვიზიტიდან უნდა ეცადოს, რომ მხარდაჭერის დიდი პაკეტი გამოიტანოს. 

ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდშიც და ამბობენ, რომ ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს.

"შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მნიშვნელობასა და სტრატეგიულ ურთიერთობას. ეს არის გამოძახილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს. ჩვენ ვართ ერთმანეთის გვერდით, როგორც ავღანეთში, ასევე ჩვენს რეგიონში,"- აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კი ამბობს, რომ ეს ვიზიტი ჩრდილოელი მეზობლებისთვის სიგნალი იქნება. 

"მისი ვიზიტი იქნება სიგნალი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისთვის, რომ საქართველო და უკრაინა მარტო არ არის. ასევე ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებით არამხოლოდ ევროპელები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები არის დაინტერესებული,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია.

დღის ამბები