28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
"მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა" - ომბუდსმენის განცხადება სააკაშვილის შესახებ
სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებთან დაკავცშირებით განცხადებას ავრცელებს.
 
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
 
"დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით - სამედიცინო პერსონალთან.
 
უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ასევე, ადეკვატური ყურადღება ექცევა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ამავდროულად, სახალხო დამცველი ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (არტერიული წნევა, პულსი, სატურაცია, გლუკოზა) და სხვა პირადი მონაცემების (მის მიერ შეძენილი ნივთების) თაობაზე.
 
მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, უწყების ვალდებულებაა საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს მხოლოდ გონივრულ ფარგლებში.
 
ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება, პირის ნებართვის გარეშე, ერთის მხრივ ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ - შესაძლოა, ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.
 
პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით, იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. ამიტომ, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
 
 
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას, " - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
დღის ამბები