28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
შიმშილობის მე-12 დღე - როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის მე-12 დღე - მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებს მორიგი წერილი გამოატანა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიმართვაში მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

შიმშილობიდან მე-12 დღეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ადვოკატების ინფორმაციით, გართულდა. სწორედ ამიტომ ისინი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას ითხოვენ. დღესვე მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები საუბრობდნენ იმაზეც, რომ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელება შეეზღუდა.

მიხეილ სააკაშვილს დღეს ციხეში მისი თანაგუნდელი დავით კირკიტაძეც სტუმრობდა. თითქმის 3 საათიანი აუდიენციის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის განწყობაზე, სამომავლო გეგმებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიასთან მანაც ისაუბრა.

დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, სადაც განმარტებები რამდენიმე მიმართულებითაა გაკეთებული. ოფიციალური უწყების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი საკანში მარტო საკუთარი სურვილის შესაბამისად იმყოფება, ასევე უწყება უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულთან შესვლა თითქოს თანამოაზრეებს ეზღუდებათ. პენიტენციურმა სამსახურმა განმარტება გააკეთა პირად ექიმზეც - ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძე გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხელახალი ვიზიტისთვის მედიკოსმა პენიტენციურ სამსახურს ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც შესაბამის პასუხს მიიღებს.

დღის ამბები