28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ტომას კენედი - ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ ანგარიშსწორების ახალი დეტალები და ვერსია, რომელსაც 20-მდე მოწმის ჩვენება ადასტურებს

სასტიკი მკვლელობა ძარცვის მოტივით - გამოძიების მტკიცებით, ბრიტანეთის მოქალაქე ტომას კენედი სასიკვდილოდ მობილური ტელეფონის და პლასტიკური ბარათის გამო გაიმეტეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ ვერსიას 20-მდე მოწმის ჩვენება და ფარული საგამოძიებო მასალები ადასტურებს. სავარაუდოდ, საქმეში დევს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც. მტკიცებულებების მიხედვით, ბრიტანელი მუსიკოსი ბრალდებულებმა მტკვარში გონებადაკარგული გადააგდეს. გორის სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

5 ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. სასამართლო სხდომაზე დასწრების ნება მხოლოდ მის მშობელს მისცეს, რომელმაც სხდომის დეტალები სხვა დაკავებულების ახლობლებს უამბო. გაირკვა, რომ დანაშაულის საკუთარ თავზე აღება სცადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა.

ბრალდებულებს შორის ბრალი ყველას ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ, გარდა ვასილ ოქროპირიძისა, რომელსაც ტომას კენედი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა. უცხოეთის მოქალაქის ძარცვის გეგმას ოქროპირიძეც იცნობდა, თუმცა დაგეგმილი დანაშაული პოლიციას არ აცნობა.

ბრალდებულები მკვლელობის ბრალს უარყოფენ, თუმცა საქმის მასალები საწინააღმდეგოს მიუთითებს. პროკურორის მტკიცებით, გამოძიებამ დაკავებულების წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა.

ტომას კენედი საქართველოში 2 თვე ცხოვრობდა. 8 ოქტომბერს მან გორში რამდენიმე ადგილობრივთან ერთად ალკოჰოლური სასმელი მიიღო. ერთ-ერთ ბარში დაწყებული კონფლიქტი კი, მოგვიანებით მტკვრის ნაპირთან გაგრძელდა. გამოძიების მტკიცებით, ოთხმა მამაკაცმა უცხოელი მუსიკოსი გონების დაკარგვამდე სცემა და მტკვარში გადააგდო. 5 დაკავებულიდან 4-ს განზრახ მკვლელობისთვის 13-17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულს კი 7 წლამდე პატიმრობა ელის.

დღის ამბები