28 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
"კურიერმა" გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია - 27 წლის ბრიტანელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია

"კურიერმა" გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. მოკლული ბრიტანეთის მოქალაქე, 27 წლის თომას კენედია. "კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთ ბარში შელაპარაკებით დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი 2004 წელს დაბადებული არასრულწლოვანია. დაკავებულებიდან 4 მათგანს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხოლო მეხუთე დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო აიყვანეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საგამოძიებო სტრუქტურის ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 7 ოქტომბერს ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ბრალდებულები იმყოფებოდნენ, სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს და მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა ბრიტანეთის მოქალაქე თომას კენედი, რომელიც როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ასევე მუსიკით იყო დაინტერესებული.

ამის შემდეგ ბრალდებულებმა და ბრიტანეთის მოქალაქემ გორშივე მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში გადაინაცვლეს, სადაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნაცემი ახალგაზრდა, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, კონფლიქტში მონაწილეებმა მდინარეში გადააგდეს და ამით კვალის დაფარვა სცადეს. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.

"მოვიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად საღამოს, ტელეფონი შეაერთა მხოლოდ, ცოტა ხანში ისევ მოვიდნენ, წაიღეს და ეგ იყო. "წამოდიო ძმაო, წამომყევიო" ზუსტად ამ სიტყვებით ეუბნებოდნენ," - აცხადებს ბარის თანამშრომელი.

ერთ-ერთი დაკავებულის ძმა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მის ძმას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

"ჩემს ძმას ედავებიან, რომ იცოდაო ინფორმაცია და არ მიაწოდაო პოლიციას. ჩემმა ძმამ არანაირი ინფორმაცია არ იცოდა, კამერებშიც ჩანს, რომ ჩემი ძმა არც გაყოლია და არ დაუნახავს, არ არის მაგ საქმეში არანაირად. მე როგორც ვიცი, როცა დააკავეს ეგენი მერე გაიგო ჩემმა ძმამ ეგ ინფორმაცია. არ ვეთანხმები პოლიციის და სასამართლოს გადაწყვეტილებას," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

27 წლის თომას კენედის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 5 პირი დააკავა.

დღის ამბები