28 ნოემბერი 2024,   07:00
ვრცლად
რა იგულისხმება ხელის დაკაპიწებაში? სავარაუდოდ, დესტრუქციული ელემენტების შემოტანა - რა შეფასებები მოჰყვა მე-3 პრეზიდენტის მოწოდებას "ოცნებაში"

მიხეილ სააკაშვილის მორიგ წერილს საპატიმროდან "ხელების დაკაპიწებასთან" დაკავშირებით, მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მოწოდებაში, პოლიტიკაში დესტრუქციული ელემენტების შემოტანის მცდელობას ხედავს.

"რა იგულისხმება ხელის დაკაპიწებაში? მე პირადად მაქვს ერთადერთი განწყობა და დამოკიდებულება, რომ სავარაუდოდ ამაში იგულისხმება რაღაცა დესტრუქციული ელემენტების შემოტანა ქართულ პოლიტიკაში კვლავ და განგრძობა ამისი და ა.შ. იმიტომ, რომ სხვა მეთოდით მათი პოლიტიკური ოპერირება მე სიმართლე გითხრათ ვერ წარმომიდგენია. როგორც ჩანს ასეთია მათი მოლოდინებიც, დამოკიდებულებებიც და ცდილობენ, რომ ეს განახორციელონ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ პოლიტიკურ მდგენელთან ​დაკავშირებით პასუხისმგებლობა იმ პირებს უნდა მოჰკითხონ, ვინც სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდა.

"პოლიტიკურ მდგენელთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ ეს არის ძირითადად იმ პოლიტიკური პარტიების, ადამიანების და იმ ე.წ. ექსპერტების თუ ა.შ. პრობლემა, ვინც ალბათ ყოველდღიურად ეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს, რომ შენ თუ საქართველოში ჩამოხვალ აქ მთელი ხალხი აღფრთოვანებით დაგხვდება, პოლიტიკური დღის წესრიგი ამ ქვეყანაში 1 საათში შეიცვლება. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა როგორი არის ამ პოლიტიკურ თუ სხვა აქტორებს უნდა ჰკითხოთ," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები