28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
სახლები გვენგრევა თავზე, ამაზე უნდა იყოს დღეს მთავარი დებატები, თორემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ - ლევან იოსელიანი 

ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის აქტიურად განხილვას ეწინააღმდეგება. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი თვლის, რომ ბათუმის ტრაგედიამ მოვლენები იმდენად შეცვალა, არჩევნების მე-2 ტურზე წინ ადამიანების უსაფრთხოება დადგა და ამ ყველაფრის ფონზე მისთვის გაუგებარია, რატომ არის განსჯის საგანი მე-3 პრეზიდენტის შიმშილობა მაშინ, როცა სააკაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში პირადი ექიმებიც ჰყავს და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება.

"დღეს არის არჩევნების მეორე ტური და მთავარი თემა არ არის, რაც უნდა იყოს. მთავარი თემა არ არის კანდიდატების მიერ თბილისზე საუბარი, სახლები გვენგრევა თავზე - ამაზე უნდა იყოს დღეს მთავარი დებატები და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მიხედავენ. მას ექიმებიც ჰყავს პირადი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განცხადება გაავრცელეს, რომ მონიტორინგის ქვეშ არის. იმ ადამიანს სათანადო ყურადღებას მიაქცევს ყველა," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია სამართლიანი სასამართლო, რომელიც ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა.

"ის, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დღემდე, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, მათ შორის წინა ხელისუფლების, ამ ხელისუფლების დამსახურებაც, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო და ყველა, პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანი ითვლება პოლიტპატიმრად, რადგან სასამართლო ხელისუფლება წარმოადგენს "ქართული ოცნების" გაგრძელებას," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით სასამართლო სისტემის პრობლემაზე მიუთითებს როდესაც ქვეყნის დიდ ნაწილი არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ იყო სამართლიანი სასამართლო შედგა.

"ქვეყნის დიდი ნაწილი, ასობით ათასი ადამიანი არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლო იყო გამართული და ეს არის პრობლემა და სანამ ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდება," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე კი აცხადებს, რომ ახლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა მე-2 ტურებზე ფოკუსირებაა.

"ჩვენი ამოცანა პირველ რიგში არის ფოკუსირება მეორე ტურებზე, ასევე რა თქმა უნდა ისიც, რომ 14-ში ჩვენ ვგეგმავთ ხალხმრავალ და მასშტაბურ აქციას, რომელიც გულისხმობს არა მარტო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, არამედ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ვიმეორებ, რომ შეიძლება სხვადასხვა ადამიანებს ჰქონდეს სხვადასხვა შეხედულება კონკრეტულ ტაქტიკასთან დაკავშირებით. ჩვენი წარმატებული მეორე ტური არის საწინდარი იმისი, რომ მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს და დავიწყოთ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები