28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
რამ გამოიწვია ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევა - ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ანალიზი

კოვიდ სტატისტიკა, საარჩევნო პროცესები, პოლიტიკური პროცესები - ეს ყველაფერი უკვე 2 დღეა გადაფარა ტრაგედიამ, რომელიც  ბათუმში მოხდა და რომელმაც  მთელი ქვეყანა შეძრა.

გარდაცვლილია 9 ადამიანი, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი და სწორედ აქედან გამომდინარე, ხვალ, 11 ოქტომბერს ქვეყანაში გამოცხადებულია გლოვის დღე.

"კურიერმა" გადაწყვიტა მიმოხილოს ყველა ის წინაპირობა და მოვლენა, რომელიც უკავშირდება ამ ფაქტს, ყველა ვერსია, ყველა დასმული კითხვა, რომელიც ამ მოვლენებს ახლავს თან და მათ შორის ის ვერსიაც, რომელიც ოფიციალურად უკვე დაედო საფუძვლად ბრალდებას და ამის საფუძველზე, პასუხისგებაშია მიცემული 3 ადამიანი.

26 მაისის ქუჩა, 13 ნომერი, შენობა, რომელიც აშენდა 1978 წელს და თავდაპირველი პროექტის მიხედვით, უნდა ყოფილიყო მხოლოდ 5 სართულიანი, თუმცა შემდგომ, 2000-იან წლებში დაემატა 2 სართულის დაშენება, ასევე, ლიფტის შახტი, იმ სადარბაზოში, რომელიც ჩამოინგრა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვის ნიშანი, რომ ხომ არ გამოიწვია ეს ტრაგედია იმ ფაქტმა, რომ ეს იყო კონსტრუქციის გადატვირთულობა. თუმცა, ტრაგედიის პირველივე დღეს თითქმის სრულად გამოირიცხა ეს ვერსია და დარჩა მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს უკვე ოფიციალურად ეყრდნობა პროკურატურა.

ეს ვერსია მოიცავს შემდეგ ისტორიას: პირველ სართულზე მდებარე 2 საცხოვრებელი ფართის გაერთიანება მოისურვა მისმა მესაკუთრემ, რომელმაც გადაწყვიტა დაექირავებინა მუშები და მყისიერად დაეწყო სამუშაოები. მან გადაწყვიტა, ასევე, ოფიციალურად მიემართა საქალაქო სამსახურებისთვის, საჯარო რეესტრისთვის, გააკეთა განაცხადი, რომ აპირებდა სამუშაოების დაწყებას, თუმცა, აღმოჩნდა და გამოძიების ვერსიაშიც ამაზეა საუბარი, რომ არ დაელოდა შედეგის და რეკომენდაციების დადგომას. მან თვითნებურად და ნორმების უხეში დარღვევით წამოიწყო ეს სამუშაოები, რომელიც თითქმის 4 დღე გრძელდებოდა.

აქვე უნდა ითქვას, ადგილობრივი მცხოვრებლები საუბრობდნენ, რომ გასული დღეების განმავლობაში მათ აწუხებდათ ხმაური, იცოდნენ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, იყო ვიბრაციებიც და გამოთქვამდნენ პროტესტს.

დღეს უკვე ოფიციალურად დადგინდა, თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა. გაირკვა, რომ მოშლილი იყო საყრდენი კედლები და ტიხრები, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებდა კორპუსის სიმყარეს. საბოლოოდ, მივიღეთ სურათი, რომელიც ახლა სახეზეა - 7 სართულიანი შენობის მთლიანად ჩამონგრეული 1 ნაწილი, სადაც სიცოცხლე დაასრულა  9 ადამიანმა, მათ შორის, 3-მა არასრულწლოვანმა. 4 ადამიანი ერთი და იგივე ოჯახის წევრია, რომლებიც დღეს დაკრძალეს.

ჩვენ კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნობთ ამ ადამიანების სახელებს და გვარებს. ესენი არიან: ნუგზარ დავლაძე, ინგა მეკეიძე, ანასტასია დავლაძე, ერეკლე დავლაძე, გოგონა აბჟანდაძე, მაია თოდუა, დატა შომახია, სერგო ჩხარტიშვილი და ჯემალ ბაუჟაძე. 

დღის ამბები