შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი დღის წინ გორში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა. დაკავებულია 5 პირი, მათგან ერთს ბრალად დანაშაულის დაფარვა ედება და 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ დაკავებულს, მათი ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობაზე, რომელიც 27 წლის იყო.
გამოძიების ვერსიით დაკავებული პირები თავდაპირველად მსხვერპლს გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში შეხვდნენ, სადაც ალკოჰოლს სვამდნენ. მოგვიანებით მათ ერთად გადაინაცვლეს ბარში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი დაიწყო.
ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირება გააგრძელეს მტკვრის სანაპიროზე. ცემის შემდეგ დაშავებული და უგონო მდგომარეობაში მყოფი პირი, კვალის დაფარვის მიზნით, მდინარეში გადააგდეს. ცხედარი მტკვარმა მეორე დღეს სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა.