28 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
"გლოვის კედელი", ყვავილები, სანთლები და სათამაშოები - ბათუმში ტრაგედიის მსხვერპლებს პატივს მთელი დღის მანძილზე მიაგებდნენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, "გლოვის კედელია" აღმართული. ბათუმში ტრაგედიის მსხვერპლებს გლოვობენ და ხსოვნის ნიშნად, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.

ტრაგედიას გადარჩენილი 37 წლის ზვიად თავდგირიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ექიმების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა, თუმცა, დადებითი დინამიკით.

დაბრუნდებიან თუ არა საკუთარ ბინებში კორპუსის უვნებლად დარჩენილ ნაწილში მცხოვრებლები, ამას ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გადაწყვეტენ. ექსპერტები ნაგებობის მდგრადობასა და თითოეული ბინის მდგომარეობას სწავლობენ. დასკვნამდე, ოჯახების ნაწილი ნათესავებთან, ნაწილი კი სასტუმროში დარჩება. 

შენობის მდგრადობის შესწავლის პარალელურად, გამოძიება გრძელდება. დღეს 3 დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება დაკავებულებს 240-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. 

პროკურატურის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში კორპუსის მკვიდრი ზაურ ბუდაგოვი სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ 2 ფიზიკურ პირ შეუთანხმდა, პირველ სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, კედლების მოშლასაც მოიცავდა.

ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტად მიაჩნია ზაურ ბუდაგოვის უფლებადამცველს. ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის სამუშაოებს სარდაფსა და საყრდენ კედელზე. 

საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვს. 

დღის ამბები