28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას, დღეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ შეუერთდა

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას, დღეს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ შეუერთდა.

პოლიტიკოსების აზრით, კონკრეტული პერსონებისა და პარტიების ირგვლივ ამ ფორმით გაერთიანება უშედეგო იქნება.

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" ოფიციალურად აქციას არ უერთდება, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ მათი მხარდამჭერები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა დემონსტრაციაში მონაწილეობა.

"თამარ ჩარკვიანი არის პოლიტიკურად ბეცი, მორალის არმქონე ადამიანი. მიშაზე მეტი მიშისტია როცა სჭირდება. მისი მთელი პოლიტიკური კაპიტალი მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულებაზე დგას,"- აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი ცოტნე კობერიძე.

"ლელოში" ამბობენ, რომ სამართლიანი სასამართლოს არ არსებობა უდიდესი პრობლემაა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეიქმნას სამართლიანი სასამართლო, რომელიც ყველა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს დაასრულებს,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

თავად ენმ-ში აღნიშნავენ, რომ ყველა პარტიას საკუთარი არჩევანი აქვს და აქციაზე დასწრება-არ დასწრების მიუხედავად, ისინი აფიქსირებენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია.

"ეს არის მათი პოლიტიკური არჩევანი, მთავარია ისინი აფიქსირებენ პოზიციას, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, აფიქსირებენ მოთხოვნას, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რადგან ის არის პოლიტიკური დევნილი. ბევრი აქცია ორგანიზდება და მათი გადასაწყვეტია, რომელ აქციაზე დაესწრებიან,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.

პარტიები არც 14 ოქტომბერს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანანსებულ დემონსტრაციაზე აპირებენ დასწრებას.

დღის ამბები