28 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
"ოცნების" მიერ ხმების გადათვლა ემსახურება მანიპულაციას და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ - პაატა მანჯგალაძე

ცესკო ხმების ხელახალი გადათვლის შედეგებს აჯამებს. კომისიაში განაცხადეს, რომ 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა, თუმცა, საერთო შედეგზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

მთლიანობაში, ხელახლა დათვალეს 258 უბნის შედეგი; აქედან, უცვლელი დარჩა 239 უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი მონაცემების 66,7%-ია. ხმების გადათვლის შედეგად სხვადასხვა ოლქებში რიგ კანდიდატებს ხმები დააკლდათ, ნაწილს მოემატა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ხმების გადათვლის პროცედურას სათავისოდ იყენებს. 

"საკმაო დრო გავიდა უკვე იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" თვითონ გადაეთვალა მალულად და შეეცვალა შედეგები და ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი ფაქტი უკვე იყო ზუგდიდში, როცა ხელახალმა გადათვლამ შეცვალა გამარჯვებულის რაობა. ახლა "ქართული ოცნების" მიერ გადათვლა ემსახურება მანიპულაციას და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს სპეკულაციებს უწოდებენ. 

"ეს არის უაღრესად გამჭვირვალე პროცესი. ამავე დროს, იმ ახლებურად დარეგულირებული კანონმდებლობის შედეგი, რომელსაც, სხვათა შორის, წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს, არანაირი საფუძველი იმ სპეკულაციებს, რომელსაც ოპოზიცია ეწევა, არ აქვს. მათ მოუწევთ თვალი გაუსწორონ სიმართლეს და ის, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი და გამოხატული ნება, ის არის სწორედ დაფიქსირებული საარჩევნო უბნებზე,"- აცხადებს "ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები