28 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - თაკო ჩარკვიანის მიერ დაგეგმილ აქციას "ნაცმოძრაობა" შეუერთდება, სხვა პარტიები კი მისვლას არ გეგმავენ

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე, ოპოზიციური ძალების დისტანცირებას ღალატად აფასებს. ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად, მის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა ხვალ რუსთაველზე მასშტაბურ დემონსტრაციას გეგმავს. ჩარკვიანის თქმით, სააკაშვილის პატიმრობის დღეებმა მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა, რაც საბოლოოდ ”ლელოს”, ”გირჩის”, ”სტრატეგია აღმაშენებლისა” და ”ევროპული საქართველოს” საბოლოო პოლიტიკური კრახით დასრულდება.

ჩარკვიანს პოლიტიკური ლექსიკა დაუწუნეს "ლელოში". პარტიაში ფიქრობენ, რომ ახლა ოპოზიციურმა ძალებმა სამომავლო კოალიციაზე უნდა იფიქრონ, რაც სამომავლოდ სასამართლოს მისცემს საშუალებას ნებისმიერ პირთან მიმართებით ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს.

ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე არც "სტრატეგია აღმაშენებელი" მიდის. პოლიტიკურ ძალაში კოლეგებს ღია დაპირისპირებისგან თავშეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ ისინი ერთი პარტიის, ან პერსონის ინტერესების ქუჩაში დაცვას არ აპირებენ.

თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს დღეს "გირჩი -მეტი თავისუფლებასა" და "ევროპულ საქართველოში" არ უპასუხეს.

კოლეგების მიმართ პოლიტიკოსის კატეგორიულ გზავნილებს არ იზიარებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". 

დაანონსებულ პროტესტსს არარელევანტურს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვის მცდელობა მიუღწეველი მიზანია, რადგან ექსპრეზიდენტი სასჯელს დამტკიცებული დანაშაულის გამო იხდის.

საქართველოს ექსპრეზიდენტი სამართალდამცველებმა თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი სასჯელს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, უახლოეს დღეებში, რუსთაველზე ორი აქცია გაიმართება. 10 ოქტომბერს თაკო ჩარკვიანის, 14 ოქტომბერს კი "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით.

დღის ამბები