28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - რას ჰყვება იმ სახლის მეპატრონე, რომელიც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების ბოლო სამალავი იყო

იმ სახლის მეპატრონემ, სადაც 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები იმალებოდნენ, გამომძიებლებს ჩვენება მისცა. მიხეილ ყრუაშვილი კურიერს აკო ჭელიძის და გიორგი კავილაძის დაკავების დეტალებს უყვება, ირკვევა, რომ გამოძიებამ წყნეთის სამალავი მას შემდეგ დაადგინა, რაც ადგილობრივებმა ძებნილები ამოიცნეს და პოლიციას აცნობეს.

"ამჯერად ვიღაცა გარეწრები შეძვრნენ [სახლში], ის, რომ ვიღაცებს ვიფარავდი მანდ, არის ბოდვა.

პოლიციის საუბრიდან ისე მომეჩვენა, თითქოს ამოიცნეს ქუჩაში ვიღაცებმა და მერე ამ კვალზე სდია პოლიციამ, ესენი გაიქცნენ და დაიჭირეს," - ამბობს მიხეილ ყრუაშვილი. 

სახლის მფლობელი არ გამორიცხავს ვერსიას, რომ ჭელიძეს და კავილაძეს დაკეტილი სახლის სამალავად გამოყენება ძმებმა კაკულიებმა შესთავაზეს, რომლებიც მედიაში გავრცელებული ვერსიით, შესაძლოა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთები იყვნენ. გაირკვა, რომ იმავე ქუჩაზე, სადაც ბრალდებულები იმალებოდნენ, სახლი კაკულიებსაც აქვთ. მიხეილ ყრუაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს კაკულიებთან ახლო ნათესავურ კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა მათ ოჯახს კარგად იცნობს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებლებად დასახელებული გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ისევ დუმილს ამჯობინებენ. ადვოკატები დღეს სასამართლოს მათ გათავისუფლებას სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

არის თუ არა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი - სხვა ვერსია არ აქვთ მოკლულის მშობლებს, რომლებიც მათი შვილის და ბრალდებულების ნაცნობობას გავრცელებულ განცხადებაში გამორიცხავენ. საპირისპიროს ამბობს მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე.

ე. წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილი თბილისის ცენტრში 15 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, ნიკო კვარაცხელიაზე მამის გამო შური იძიეს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ შეუკვეთა 22 წლის ბიჭის მკვლელობა კავილაძეს და ჭელიძეს, რომლებიც 3-კვირიანი ძებნის და ათამდე ლოკაციაზე დამალვის შემდეგ, პოლიციამ წყნეთში, მიტოვებულ სახლში მიაგნო.

 

დღის ამბები