28 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საბედისწერო სამუშაოები კორპუსის პირველ სართულზე, რომლის შედეგი ბინის და სარდაფის გაერთიანება უნდა ყოფილიყო - ვინ დაუკვეთა და ვინ შეასრულა სამუშაოები

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ დროისთვის, 3 პირი ჰყავს დაკავებული. ბრალი სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჯერჯერობით, უცნობია, გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე. შს მინისტრის განცხადებით, ეს დამოკიდებული იქნება გამოძიებაზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, წინასწარი შეფასებებისგან კი ვახტანგ გომელაური, ამ ეტაპზე, თავს იკავებს.

გამოძიების ვერსიით, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვმა, სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა, რომლებმაც საქმიანობა უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოეს, რამაც შენობის მდგრადობა დაარღვია. ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ ადგილობრივებიც.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუდატოვმა სარდაფის და საცხოვრებელი ბინის პირველი სართულის გაერთიანების მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა. რეესტრმა მოთხოვნა გუშინ დაახარვეზა.

ბრალდებას ადრესატმა რამდენიმე საათში უპასუხა. საჯარო რეესტრში ამბობენ, რომ სააგენტო არ არის მშენებლობის გამცემი ორგანო და მის კომპეტენციაში მხოლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შედის.

26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 240-ე და 187-ე მუხლებით აწარმოებს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალს ხვალ წარუდგენენ.

დღის ამბები