28 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
კახეთის პოლიციამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი

კახეთის პოლიციამ სოფელ კაბალში მომხდარი აფეთქების ფაქტები გახსნა, ნფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული რ. ა. და 1989 წელს დაბადებული გ. მ. აფეთქების და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს და 4 ოქტომბერს, წარსულში არსებული ფინანსური დავის ნიადაგზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები თანასოფლელების - მ.ნ.-ის და ი.მ.-ის საცხოვრებელი სახლების ეზოებში ხელყუმბარები ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები.

პოლიციამ ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში დააკავა.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები მომხდარ დანაშაულებში შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და აფეთქებას გულისხმობს,"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები