28 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სავარაუდოდ ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი - ვახტანგ გომელაური

ბათუმში სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა. 

ის შემთხვევის ადგილზე იმყოფება და მიმდინარე მოვლენებს პირადად აკვირდება.

"გიდასტურებთ, ორი ადამიანი ცოცხალი იქნა ამოყვანილი, მძიმე მდგომარეობაში თუმც ცოცხალი ორივე. გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. სავარაუდოდ, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი. დამიზუსტებენ ახლა.

ჩვენი ვარაუდით, 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს შიგნით. მუშაობა გაგრძელდება, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ სამუშაოებს. ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით, პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს და რამე არ დავუზიანოთ. მძიმე სამუშაოა, იქიდან გამომდინარე, რომ ორ კორპუსს შუა დგას ეს ჩამონგრეული კორპუსი და მისადგომად ორივე მხრიდან მუშაობს აქტიურად, ტექნიკა, ასევე ამწეები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ბეტონების და სინკარების გადმოლაგება, რომ თუ ცოცხალი ადამიანია და გადარჩა, სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

[ნანგრევებში] უნდა იყოს ორი, ან სამი ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, თუმცა ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს. 

ვერ ვადასტურებთ რაოდენობას იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება სტუმრად იყო ვინმე, ბევრი დაკეტილი ბინა იყო და მფლობელები თბილისში არიან. ისინი ვერ გვიდასტურებენ ბინაში ვინმე იყო თუ არა. არის შემთხვევა, როდესაც აცხადებენ, რომ ნათესავს ჰქონდა გასაღები. ეს ნათესავი ამბობს, რომ არავინ არ შემიშვიაო, მაგრამ ამას ვერ ვადასტურებო.

გამოძიება მიდის. სანამ ბოლომდე არ ჩავალთ, ხომ ვერ დავამთავრებთ გამოძიებას?! ექსპერტებმა უნდა იმუშაონ და დადონ დასკვნა, რამ გამოიწვია კორპუსის ჩამონგრევა, " - ამბობს ვახტანგ გომელაური.

დღის ამბები