28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
რუსთავის ციხესთან დღეს ხმაური იყო - ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და სამართალდამცველები ციხის კედლებზე დაწერილმა ფრაზებმა დააპირისპირა

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-8 დღეა შიმშილობს, დღეს ხმაური იყო. ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და სამართალდამცველები ციხის კედლებზე დაწერილმა ფრაზებმა დააპირისპირა.

"თავისუფლება მიხელ სააკაშვილის" - ამ შინაარსის წარწერები, პენიტენციურ დაწესებულებაზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებმა დატოვეს. მათ ქმედებას პოლიციის მხრიდან რეაგირება მალევე მოყვა და ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე პირი ადგილზევე დააკავეს.

ხმაურიანი აქციის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის სანახავად მისი უკრაინელი მეუღლე იმყოფებოდა. 

ყოფილი პრეზიდენტის უკრაინელმა მეუღლემ დღეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გეგმებზე ისაუბრა. ლიზა იასკომ მედიას დაუდასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს საკანში ტელევიზორი აქვს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალს.

მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთმა ოჯახის წევრმა მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მამამ სოციალური ქსელის მეშვეობით შვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. მიხეილ სააკაშვილმა, მამის მიმართვას წერილობითი უპასუხა და შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა. 

დაკავების დღიდან დრომდე, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ადვოკატები შედიან და სხვადასხვა მოთხოვნებზე საუბრობენ. თავდაპირველად, იურისტები მიხეილ სააკაშვილის საკანში პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ მას ტელევიზორი და პირადი მოხმარების ნივთები არ ჰქონდა. თუმცა დღეს დაადასტურეს, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფს ტელევიზორი და ლეიბიც უკვე აქვს.

ინტერესების დამცველები სხდომების დაჩქარებული წესით ჩატარებასაც ითხოვდნენ. სასამართლოსგან ელოდებოდნენ პასუხს, რომელიც ცნობილი დღეს გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის საქმეებზე, განხილვები 10 ნოემბრიდან დაიწყება, მანამდე არა. გადაწყვეტილება ადვოკატებისთვის მიუღებელია. 

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ექიმების მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ამ დროისთვის იღებს მედიკამენტებს, მათ შორის იმ დასახელების წამლებს, რომელიც პირადი ექიმის მიერ არის გამოწერილი. 

დღის ამბები