28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
რამ გამოიწვია კორპუსის აფეთქება ვარკეთილში - გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

აფეთქება ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე კვარტალში - ვიდრე აქ მცხოვრებლები შეამჩნევდნენ, რომ კორპუსის მეექვსე სართულზე ბინა იწვოდა, ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს. რამდენიმე წუთში ცეცხლი მთელ სახლს მოედო და არსებობდა გავრცელების საფრთხეც. ხანძრის დროს მოხდა კიდევ რამდენიმე აფეთქება, რაც დიდი ალბათობით საყოფაცხოვრებო ტექნიკის აალებამ გამოიწვია. 

მაშველებს ხანძრის ლიკვიდაციისთვის, დაახლოებით, ნახევარი საათი დასჭირდათ. მოხუცი ქალი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა, ბინიდან მეზობლებმა სამაშველო ჯგუფების მისვლამდე გამოიყვანეს და გადაარჩინეს. ცეცხლი სხვა ბინებზე არ გავრცელებულა, თუმცა ნაწილობრივ დაიწვა ზედა სართულის ფასადი. დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც, რომელიც აფეთქების დროს ეზოში კორპუსთან ახლოს იდგა. რამ გამოიწვია აფეთქება - ადგილობრივი მცხოვრებლები პირველივე ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვას განიხილავდნენ. 

აირის გაჟონვის ან გაზის მოწყობილობის აფეთქების ვერსიას სრულად გამორიცხავს კომპანია "თბილისი ენერჯი" გაზის კომპანიის სწრაფი რეაგირების ცენტრმა ბინა ცეცხლის ჩაქრობისთანავე შეამოწმა.

დამწვარ ბინაში გადაღებულ ფოტოებში, რომელიც "კურიერს" კომპანიამ მიაწოდა, ჩანს გაზქურა, რომელსაც აფეთქების კვალი არ ეტყობა.

პოლიციას დაზარალებული ჯერ არ გამოუკითხავს, თუმცა გამოძიება დაწყებულია. სახლის მეპატრონეს საშუალო სიმძიმის დამწვრობა აქვს მიღებული და მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

დღის ამბები