28 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ვის შეეძლება მესამე, ბუსტერ დოზით ვაქცინაცია და რა შემთხვევაში აიცრებიან 12-დან 15 წლამდე მოზარდები

საქართველომ ე.წ. ბუსტერ დოზა დაუშვა. მესამედ აცრა ჯერ გარკვეული რეგულაციებით არის შესაძლებელი, თუმცა, "სინოფარმით" და "სინოვაკით" აცრილებს მნიშვნელოვანი სიახლე ელით - მეორე აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ, განსხვავებული ვაქცინით აცრა შესაძლებელი იქნება მათთვის, ვისაც უწევს გამგზავრება უცხოეთში, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის ან აშშ-ის მიერ აღიარებული ვაქცინის დამადასტურებელი საბუთია საჭირო.

ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენება, პირველ რიგში, 50 წელს ზემოთ არის გათვალისწინებული. ასევე, 16-დან 50 წლამდე იმ პირებისთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. მესამე დოზას გამოიყენებენ ისინიც, ვისაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო, ჯანმთელობის გაუარესების რისკები მაღალი აქვს. "ბუსტერ დოზების" დაშვების გადაწყვეტილება ჯერ მხოლოდ "ფაიზერმა" მიიღო - ვაქცინის სხვა მწარმოებელ კომპანიებს: "ასტაზენეკას", ჩინურ "სინოფარმსა" და "სინოვაკს" საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

პარალელურად, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ უარესდება. დაიწყო ინფიცირების მაჩვენებლის აღმასვლა. ამას ემატება ახალი გამოწვევა ე.წ. ტვინდემია, რომელიც ორი ინფექციის: გრიპის და კოვიდის ერთდროულ საფრთხეზე მიანიშნებს.

ამას გარდა, დღესვე საქართველომ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაცია გასცა, თუმცა ესეც ჯერ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს ეხებათ. ამასთან, ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიების, გულის, ღვიძლის და თირკმლის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდები "ფაიზერით" აიცრებიან.

დღის ამბები