28 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
თბილისში ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისში ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ამ დრომდე ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, სადაც, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მე-16 და 26-ე საარჩევნო უბნების ბიულეტენები უნდა გადაეთვალა. ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ უბნებში ხმები მეტობით არის ამოსული და იმაზე მეტია ვიდრე ბიულეტენი. 

"ვაპროტესტებთ გაყალბებას, რომელსაც ისნის საარჩევნო კომისია ცდილობს. არის ე.წ დაუბალანსებელეი ოქმები, რაც გულისხმობს იმას, რომ იმაზე მეტი ბიულეტენია ვიდრე არის ამომრჩეველი კონკრეტულ უბანზე,"- აცხადებს დონაძე.

თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის"
ლანა გალდავა აცხადებს, რომ არსებული უბნები სადაც დარღვევებია უნდა გაბათილდეს.

"მოვითხოვთ, რომ არსებული უბნები გაბათილდეს. მეტობით არის ბიულეტინები ამოსული. ზოგან არის 11, ზოგან 20, მეტობით ამოსული ბიულეტენები არის პირდაპირი მტკიცება, რომ უბანში ხმები გაყალბდა,"-აცხადებს გალდავა. 

#5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე მხოლოდ ხელმოწერები იყო გადასათვლელი.

"აღნიშნულ უბანზე მხოლოდ ხელმოწერები იყო გადასათვლელი, გადაითვალა და დაჯდა სწორად ბალანსი. აქედან გამომდინარე ბიულეტენები არ გადაითვლება. არცერთი სუბიექტის ხმა არ არის გადასწორებული. რაც შეეხება 26-ე უბანს იქ ახლა მიმდინარეობს სუბიექტის ხმის გადათვლა,"- აცხადებს ფიქრია ნიკოლაშვილი. 

დღის ამბები