28 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
რა გადაწყვეტილებას მიიღებს NATO საქართველოს შესახებ მომავალ სამიტზე - ხვალ ალიანსის სამხედრო კომიტეტი თბილისს ეწვევა

ვიდრე NATO-ს სამხედრო კომიტეტი თბილისს ეწვევა, ალიანსის ამბიციებზე იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ისაუბრა.

NATO-ს ​გენმდივნის მოლოდინით, მომავალ სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით ხელშესახები გადაწყვეტილებები მიიღება. ეს არ იქნება წევრობა - თუმცა რაც იქნება, იმან სამხედრო ბლოკთან ასპირანტი ქვეყნების ურთიერთობა უნდა გააძლიეროს. უკრაინისა და საქართველოს წევრობისთვის კი ჯერ გაერთიანების 30 წევრის შეთანხმებაა საჭირო.

მეტი წვრთნა, დახმარება რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში და თავდაცვითი ინსტიტუტების მშენებლობაში - ასე ხედავს იენს სტოლტენბერგი ამ ეტაპისთვის ასპირანტების ალიანსთან დაახლოებას. დღეს თუ არა ხვალ, NATO-ს წევრობაზე დისკუსიებში კი მოსკოვის ვეტოს ბლოკი ტრადიციულად არ განიხილავს. რუსულ საფრთხეებზე დღეს ვარშავაში მსჯელობდნენ, სადაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსჯელობაში საკუთარი ქვეყნის პირადი გამოცდილება შეიტანა, უსაფრთხოების კონფერენციაზე კიევისა და თბილისის მიმართ ერთგულება დაადასტურა პარტნიორმა თურქეთმაც, რომელიც უკვე დიდი ხანია მოითხოვს NATO ახალი წევრებით დაკომპლექტდეს, მათ შორის მას მეზობლის ხილვაც სურს.

შავი ზღვისპირა რეგიონი რომ NATO-ს ​ყურადღებას ახლა განსაკუთრებით იმსახურებს, ერთი შეხედვით ყველა მხარემ იცის, უშუალოდ ალიანსისგან კი ამ საქმეში უფრო მკაფიო სტრატეგიას ელიან. თანხმობაა იმაზეც, რომ მხოლოდ ალიანსი ვერაფერს გახდება და რომ რეგიონული უსაფრთხოება თითოეული აქტორის პასუხისმგებლობაა. ამაზე მიუთითებენ NATO-ს ​წევრებიც და არაწევრებიც. აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო რეგიონის უსაფრთხოებაში თანამშრომლობაზე კახეთში მსჯელობდნენ, სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალზე. რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის ბაქო, ანკარა და თბილისი საერთო ტაქტიკაზე იმუშავებენ.

ხვალ, უკვე მეოთხედ, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანო ჩამოვა. ადმირალი ბაუერის მეთაურობით, სამხედრო კომიტეტი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, არსებულ გამოწვევებზე და NATO-საქართელოს სამომავლო პრიორიტეტებზე დეტალურად იმსჯელებს. შავი ზღვის კონტექსტი აქტუალური რჩება.

დღის ამბები