28 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს - მამაკაცი დაკავების დროს დაშავდა 

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს. მამაკაცი დაკავების დროს დაშავდა. ნიკოლოზ ფეხშველაშვილს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. კანონდამრღვევის სტატუსით, მხოლოდ ერთი დღის გატარება მოუხდა. ის ოფიციალურ თბილისს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადმოსცეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანა. პაციენტს პირველადი დახმარება უკვე აღმოჩენილი ჰქონდა.

ნიკოლოზ ფეხშველაშვილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ცდილობდა ოკუპანტებს გაქცეოდა. თავის დაღწევის მიზნით, ის და მისი მეგობარი მდინარე ლიახვში გადახტნენ, მცდელობა ნიკოლოზისთვის უშედეგო და საზიანო აღმოჩნდა, ის დაშავდა და მაინც დააკავეს. გაუმართლა მის მეგობარს, რომელიც ოკუპანტებს დაუსხლტა და სახლში დაბრუნდა.

შემთხვევა გუშინ ერგნეთის მიმდებარედ მოხდა. 4 მეგობრიდან, ერთი საავადმყოფოშია, ერთი სახლში, არ გაუმართლა 2 -ს. ისინი ახლა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. 

ამ დროის მონაცემით, საოკუპაციო ძალებს საქართველოს სამი მოქალაქე ჰყავთ უკანონოდ დაკავებული. 2 გუშინ გატაცებული, ერთი კი გენადი ბესტაევია, რომელიც რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას პატიმრობა სამი წლით მიუსაჯა.

დღის ამბები