28 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
მამა-შვილი წოწორიები და ელგუჯა ცომაია - რა აკავშირებთ ერთმანეთთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ფაქტზე დაკავებულებს

შალვა და ზური წოწორიების ოჯახის წევრი ექს-პრეზიდენტთან კავშირს უარყოფს, თუმცა, მამა–შვილი სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძების ფარგლებში დააკავეს. "კურიერმა" გაარკვია, რომ შალვა და ზური წოწორიები ფოთის პორტში მუშაობდნენ და მათ ამავე საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან ნათესაური კავშირი აქვთ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულ ელგუჯა ცომაიას საკუთარი სატვირთო მანქანებით ფოთის პორტიდან უკრაინაში სხვადასხვა სახის საქონელი გადაჰქონდა, ბოლო რეისი კი, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირის წინ განახორციელა და უკრაინაში ხურმა გადაიტანა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა. "კურიერი" დღეს აბაშაში, მის სახლსა და სათბურშიც იმყოფებოდა, სადაც მისმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა, რომ ცომაია ხშირად თავად მიდიოდა უკრაინაში. აბაშაში ბოლოს ის 8 დღის წინ ნახეს.

ელგუჯა ცომაიას ბიზნესის შესახებ ინფორმაცია აქვთ მის თბილისელ მეზობლებსაც. "კურიერი" დღეს მის იმ სახლშიც იმყოფებოდა, სადაც ექს-პრეზიდენტი დააკავეს. ცომაიას მეზობლები ამბობენ, რომ სააკაშვილთან ცომაიას კონტაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მისი კუთვნილი სახლები კი, როგორც აბაშაში, ასევე თბილისში, საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე დალუქული აქვს.

მიხეილ სააკაშვილს რომ საკუთარ სახლში უმასპინძლა, ამაზე ელგუჯა ცომაია გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებაშიც წერს. მას დღეს სასამართლო პროცესზე განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, მის აღიარებით ჩვენებას ადასტურებს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე. მაგრამ ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ცომაიასთვის წარდგენილი ბრალდება აფსურდულია. პროკურორი კი ამბობს, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს. 

მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375–ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები