28 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
"არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო დარღვევები, რამაც საარჩევნო პროცესი დააზიანა" - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპულმა ქსელმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შეფასება წარმოადგინა. დასკვნა ასეთია - არჩევნები, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა იყო დარღვევები, რამაც საარჩევნო პროცესი დააზიანა.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პირველადი შეფასებები და ასევე, ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს მიმდინარეობის დროს იქნა აღმოჩენილი.

ENEMO ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომელსაც საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 26 დამკვირვებელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ყავდა.

არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის მისიის ხელმძღვანელი, დრიტან ტაულა ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალებას.

"არჩევნები ჩატარდა ეფექტიანად და გამჭვირვალედ. უბნებზე ატმოსფერო იყო უმეტესად მშვიდი. თუმცა ჩვენმა დამკვირვებლებმა უბნებზე, განსაკუთრებით, სოფლებში, შენიშნეს პარტიული აქტივობა. კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში. დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა ადგილობრივი პრობლემების და მათი თემის საჭიროებების შესახებ დისკუსიასა და წინადადებების წამოჭრას. ამომრჩევლებზე და კანდიდატებზე ზეწოლისა და დაშინების ბრალდებებმა ზიანი მიაყენა კამპანიას. არჩევნები ჩატარდა ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომლის კულმინაციაც მოხდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა პოლიტიკური მოთამაშეების ღრმა უნდობლობით ერთმანეთის მიმართ.“ - ამბობს დრიტან ტაულა.

განცხადება გააკეთა სადამკვირვებლო მისიის წევრმა, კრისტინა ჩებესმა. ის ამბობს, რომ 2020 წლის ცვლილებები ყოველი მეორე კანდიდატის სხვადასხვა სქესით დაკომპლექტებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში ვერ განხორციელდა.

"გენდერული თანასწორობა შესამჩნევი იყო მერობის კანდიდატებში, რომელზეც სავალდებულო კვოტა საერთოდ არ ვრცელდება. სავალდებულო კვოტებს ზოგადად პოზიტიური გავლენა ჰქონდათ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე, პოლიტიკურ პარტიულ სტრუქტურებსა თუ წარმომადგენლობით ორგანოებში.“ - აცხადებს კრისტინა ჩებესი.

მედია ლანდშაფტის შესახებ საუბრობს არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის მისიის წევრი, პიტერ ნოვოტნი, რომელიც ამბობს რომ მედია საარჩევნო პერიოდში პოლარიზებული იყო.

"ამ არჩევნებზე დომინირებდა საერთო ეროვნული პოლიტიკური თემები, რაც ზიანს აყენებდა მოქალაქეების საჭიროებების გადაჭრას. ეროვნული დონის პოლიტიკოსები გადაჭარბებულად იყვნენ წარმოდგენილი ადგილობრივ დონეზე. კამპანიის ფარგლებში მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მედია ლანდშაფტი, ზოგადად, მრავალფეროვანია, თუმცა პოლარიზებული. მოკლებულია პოლიტიკური ინტერესებისგან დამოუკიდებლობას, რაც გავლენას ახდენს მედიისა და მათი სარედაქციო პოლიტიკისგან ზოგად ნდობას. მედია, საარჩევნო პერიოდში, იყო აშკარად პოლარიზებული,“ - აცხადებს პიტერ ნოვოტნი.

დღის ამბები