28 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
შიმშილობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი - ადვოკატები ყოფილ პრეზიდენტს ციხეში ხვდებიან

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველები დღეს პირველად შეხვდებიან. ყოფილ პრეზიდენტთან, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია უკვე ერთი საათია იმყოფებიან.

დღესვე, სასამართლო იმ ბინის მესაკუთრის აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს, რომლის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

"სამწუხაროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვცა შესაძლებლობა, პარასკევიდან მოყოლებული მოგვენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. დღეს გვექნება შესაძლებლობა რომ შევხვდეთ მას.

მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყოს სტანდარტული შემთხვევა, სადაც სამუშაო საათების არარსებობის გამო უარი უნდა ეთქვათ ადვოკატებისთვის პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულებაზე, რადგან ის დაკავებული იყო სწორედ არასამუშაო საათებში და მისი დაცვის უფლება დაირღვა იმით, რომ არ მოგვეცა მასთან კომუნიკაციის საშუალება," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ამასთან, ადვოკატებს არ აქვთ ინფორმაცია, შიმშილობს თუ არა მიხეილ სააკაშვილი.

"არ შემიძლია გითხრათ, შიმშილობს თუ არა სააკაშილი, რადგან მისი დაკავების მომენტიდან დღემდე არ მოგვეცა საშუალება მოგვენახულებინა, ეს არის პირველი ვიზიტი, შევალთ და ამ დეტალებს გავარკვევთ.

რაც შეეხება დამატებით ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, ჩემთვის არავის შეუტყობინებია.

ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სტრასბურგში, ყველა იმ განაჩენთან დაკავშირებით, რომელიც ძალაშია შესული საქართველოში, გვაქვს კომუნიკაცია და ველოდებით, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას," - აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა. 

დღის ამბები