28 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გუშინდელ არჩევნებზე 30 საჩივარი დაწერა, მარნეულში კი ორი უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს აჯამებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამჯერად, შენიშვნებზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" ისაუბრეს.

მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევების ჩამონათვალი ასეთია - ერთი და იმავე პირის რამდენჯერმე ხმის მიცემა, ჟურნალისტების შეურაცხყოფა, შედეგების შეჯამების პროცესის გაწელვა, დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა.

"საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" დამკვირვებლებმა, მთლიანობაში, 30 საჩივარი დაწერეს, მარნეულის ორ უბანში კი შედეგების გაუქმება მოითხოვეს.

""საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს 300-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას კვლავ არ გააჩნია არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარების პოლიტიკური ნება და საარჩევნო რეფორმისას დასახული ამბიციური მიზნების მიღწევისგან ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა.

ჩვენმა დამკვირვებლებმა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევის შესახებ შეგვატყობინეს, რის გამოც დაიწერა 30 საჩივარი და მარნეულში ორი უბნის შედეგების გაუქმება მოვითხოვეთ.

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 11 საათზე მეტი ხნის შემდეგ წარადგინა, რაც მისივე პრაქტიკის გაუარესებაა," - აცხადებენ ორგანიზაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრა კალატოზიშვილის შეფასებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საბოლოო ჯამში მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა 79 ინციდენტი, საიდანაც 38% მარნეულის ოლქზე მოდის.

დღის ამბები