28 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
დაპატიმრებულმა ექსპრეზიდენტმა არჩევნების დღეს ციხიდან წერილი გაავრცელა, შსს-მ კი მისი დაკავების დეტალებზე განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა

"ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე" - ამ სიტყვებით სრულდება მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი პირველი წერილი. დაკავებიდან რამდენიმე საათში ექს-პრეზიდენტმა მომხრეებს უბნებთან არჩევანის დაფიქსირებისა და შემდგომ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. პარტიის დამფუძნებლის განცხადების მოტივი გაიზიარა ნიკა მელიამაც.

ის, რაც მელიასთვის თავგანწირვაა, საზღვრის უკანონო კვეთაა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. უწყებაში ექს-პრეზიდენტის დაკავების დეტალებზე სპეციალური ბრიფინგიც ჩატარდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განმარტა, რომ სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილის გადაადგილების მარშრუტი კონტროლდებოდა და ოპერაციაც უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ჩატარდა.

გასულ დღეებში პოლიციის გადაადგილებების შესახებ ისაუბრეს სანზონაში ქვიშხეთის ქუჩაზეც. ადგილზე, სადაც ძებნილი ექსპრეზიდენტი დააკავეს, ამბობენ, რომ პოლიციამ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და შეუმჩნევლად იმოქმედა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონეც დააკავა. მამუკა ჭელიძის ცნობით, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია 1958 წელს დაბადებული პირი, რომელმაც ქვეყანაში არაკანონიერი გზით დაბრუნებულ ექს-პრეზიდენტს საცხოვრებელი ფართი დაუთმო და ინფორმაცია სამართალდამცველებს არ მიაწოდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სპეცსამსახურების ოპერატიული ტაქტიკა, სააკაშვილის დესტრუქციული მიზნების ჩაშლის საფუძველი გახდა. ღარიბაშვილის განმარტებით, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ყველაფერი თავიდანვე იცოდნენ, რასაც დაკავების დროს მისი საცხოვრებელი სახლის გასაღებით გახსნაც ადასტურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, ქვეყნის პოლიტიკური ტურბულენტობიდან გამოსვლის დასაწყისი უწოდა.



დღის ამბები