28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, როდესაც დაპისპირება იზრდება, არცერთმა პოლიტიკოსმა მეტ პოლარიზაციას ხელი არ უნდა შეუწყოს. როგორც კრამონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთ პოლიტიკურ გარემოში მიხეილ სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს.

"საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა, არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება.

ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს თავის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა "ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად.

ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი, იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას, ასევე, ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას," - აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" გააზიარა ავიაბილეთი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში 2 ოქტომბერს ბრუნდება.

დღის ამბები