28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"ომია გამოცხადებული და მხოლოდ ვაქცინირებული გაიმარჯვებს" - მოსალოდნელი მე-5 ტალღისა და აცრის დაბალი ტემპის გამო ექიმების პროგნოზი არასაიმედოა 

საქართველოში ვაქცინის მარაგია, თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა, აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო და მასთან ერთად ჩვენი ქვეყანაც COVID-19-ის მე-5 ტალღის მოლოდინშია.

იმისთვის, რომ ეპიდემიის მორიგი შეტევა ძალიან მძიმე არ იყოს, NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას.

სწორედ იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეთა აქტიურად ჩართვის მიზნით, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი სხვადასხვა რეგიონში მობილურ ამცრელ ჯგუფებთან ერთად ჩავიდა. დღეს ამირან გამყრელიძის დანახვამ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე მოქალაქეს ვაქცინის გაკეთების სურვილი გაუჩინა.

ვაქცინაცია, რომ აუცილებელია სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის, ამაზე ჯანდაცვის მინისტრი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობს.

ეკატერინე ტიკარაძე მასწავლებლებს, მოსწავლეთა მშობლებს და ზოგადად, მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მინისტრმა ყურადღება ეპიდვითარებაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ყველა უწყება ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კორონავირუსის ახალ შტამებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ეპიდემიის მე-5 ტალღა ძალიან მძიმე იქნება. ამასთან, დიდია ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც ეპიდემიოლოგების თქმით, ძირითადად ვაქცინაციის დაბალი ტემპისგან არის გამოწვეული.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია ვაქცინირებული. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს, რომელთაც აცრა ჯერ არ გაუკეთებიათ, იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები