28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
გაეროს მთავარი ტრიბუნიდან საქართველოს მთავარ მოხსენებამდე რამდენიმე საათი რჩება - პრემიერ-მინისტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას

გაეროს მთავარი ტრიბუნიდან საქართველოს მთავარ მოხსენებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა გააჟღეროს.

ტერიტორიული მთლიანობა, პანდემია, უსაფრთხოების გამოწვევები, რეგიონული სტაბილურობა - გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ამ ძირითად აქცენტებზე გაამახვილებს ყურადღებას. 

რუსულ აგრესიას და დეოკუპაციას - საკითხს, რომელიც ქართული დელეგაციის დღის წესრიგში უკვე მე-13 წელია დგას, მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა. ძირითად გზავნილებს შორის იქნება რეგიონულ სტაბილურობაში ქვეყნის როლი. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდება ყარაბაღის საკითხზე საქართველოს მთავრობის შუამავლობით აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზეც.

ვიდრე პრემიერ-მინისტრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გზავნილებს მსოფლიოს ყველა ლიდერს გააცნობს, მანამდე საგარეო პრიორიტეტებზე ის ასამბლეაზე ჩასულ სახელმწიფოს ხელმძღვანელებს ინდივიდუალურ ფორმატში ესაუბრება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილს ბერძენ კოლეგასთან ჰქონდა. ტერიტორიული მთლიანობა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება - აუდიენციაზე განხილული საკითხების შესახებ პრემიერმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ის, რომ საქართველოს მთავრობას დემოკრატიული და ეკონომიკური მომავლის განმტკიცების მზაობა აქვს, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზეც აღინიშნა. ღონისძიებაზე საქართველოს ელჩი რესპუბლიკელ იურისტთა ასოციაციის წევრებთან ერთად სპეციალურ სტუმარს, აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს მასპინძლობდა, რომელმაც საქართველოს სიმამაცისთვის და რუსული ოკუპაციის პირისპირ სიმტკიცისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიუ-იორკში მსოფლიო დონის შეხვედრა უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. გაერო-ს რიგით 76-ე გენერალურ ასამბლეაზე ლიდერების უმრავლესობამ საკუთარი სიტყვისთვის უმაღლესი ტრიბუნა უკვე გამოიყენა. მთავარი გზავნილები კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, პანდემიის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა, კონფლიქტები და მშვიდობის უზრუნველყოფა იყო.

ლიდერების ნაწილმა ასამბლეას წელსაც ონლაინრეჟიმში მიმართა, ისევე, როგორც შარშან, როდესაც პანდემიის გამო გაეროს უმაღლესი ღონისძიება სრულად დისტანციურ ფორმატში პირველად ჩატარდა.

დღის ამბები