28 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ჩამოწოლილი მეწყერი ლანჩხუთში, ჩამოშლილი და ჩახერგილი გზა თუშეთში, დასეტყვილი ვენახები კახეთში - საქართველო სტიქიის ზონაა 

საქართველო სტიქიის ზონაა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომფარეთში მცხოვრებთა პირობებს ყოველწლიური სტიქიები უფრო და უფრო ართულებს. გურიის რეგიონში სახლებთან ერთად დაიმეწყრა საავტომობილო გზებიც.

სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებსაც. დღეს ჩამოწოლილმა მეწყერმა 30-ზე მეტი ოჯახი გარესამყაროს მოსწყვიტა.

მძიმე მდგომარეობაა ქობულეთშიც. მთის მასა სოფლების შიდა და დამაკავშირებელი გზების 51 წერტილში ჩამოიშალა. მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხის თავიდან აცილებისთვის მერიამ 15 ოჯახი ქირით გაიყვანა.

გარესამყაროს მოსწყდა თუშეთიც. უხვმა ნალექმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. ინტენსიური წვიმის მიზეზით პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მძიმე ტექნიკას ამ დრომდე არ დაუწყია. მთაში ადგილობრივებთან ერთად ტურისტებიც რჩებიან.

ზარალს ითვლიან კახეთშიც. ძლიერმა სეტყვამ თელავის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში ვენახები გაანადგურა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც.

უკვე მესამე დღეა სტიქიას ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ებრძვიან. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკასთან ერთად ჩართულნი არიან მეხანძრე-მაშველებიც.

 

დღის ამბები