28 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
თაღლითური სქემა - ტურისტი, რომლსაც ბარში ბარათიდან 15 ათასი ლარი ჩამოაჭრეს, "კურიერთან" მომხდარს იხსენებს

თაღლითურ სქემაში მონაწილე პირთა წრე იზრდება. ჩინეთის მოქალაქეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო, ბარის თანამშრომლებმა ბარათიდან სამჯერ 5-5 ათასი ლარი მოაჭრეს. ასევე, ირკვევა, რომ თაღლითური სქემა წინასწარ იყო გაწერილი და მას განმეორებითი ხასიათი ჰქონდა.

ტურისტი, რომლსაც ბარში ბარათიდან 15 ათასი ლარი ჩამოაჭრეს, ჩინეთის მოქალაქეა. ის ექსკლუზიურად "კურიერთან" იხსენებს, როგორ გახდა კაფე "სკარპას" მიერ წინასწარ გაწერილი თაღლითური სქემის მსხვერპლი. 

"სკარპას" ეპიზოდზე დღეს ბარის თანამშრომელიც დააკავეს. ის ამ საქმის უკვე მეორე ბრალდებულია. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ობიექტების გარდა, დღეს ჩხრეკა ჩატარდა დაკავებულების საცხოვრებელ სახლებშიც. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები გრძელდება კლუბ "როიალის" ეპიზოდზეც. ამ დროისთვის, ობიექტი დალუქულია. უცნობია, როდის განაახლებენ, ან განაახლებენ თუ არა, საერთოდ, მუშაობს ბარები, რომლებიც მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის მუშაობდნენ. ტურიზმის ეროვნული სააგენტო კი განმარტებას აკეთებს, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.

სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ტურისტებთან მიმართებაში თაღლითურ სქემას ეხება, ჯერჯერობით, ორი დაკავებული ჰყავს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე უფრო გაფართოვდეს.

დღის ამბები