მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 დღის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი, დღეს ხელ-ფეხ შეკრული და სხეულზე ქვებმობმული, მდინარე ალგეთში, მკვდარი იპოვეს.
"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაული მოკლულის და მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის წევრის ურთიერთობას უკავშირდება.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მარნეულში მცხოვრები ძმები - ოსმან ტალიბოვი და ომარ გოჯაევი დააკავეს. დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
დაკავებულ ძმებს მარნეულში კარგად იცნობენ. მათგან ერთ-ერთი, 29 წლის ოსმან ტალიბოვი, წარსულში ასევე ძალადობრივი დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
28 წლის ჯავით ჩოვდაროვი სამარშუტო ტაქსის მძღოლი იყო და დმანისი-მარნეულის მარშუტზე მუშაობდა. ახლობლები მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.