28 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" სოციოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ბათუმში თვითმმართველობის არჩევნებში სამი პარტია ლიდერობს

"ქართული ოცნების" სოციოლოგიური კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ბათუმში თვითმმართველობის არჩევნებში სამი პარტია ლიდერობს. 49.2 %-ით პირველ ადგილს მმართველი პოლიტიკური ძალა იკავებს, 29.8 პროცენტით მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა", ხოლო გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას 4.1 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, "გირჩი - მეტი თავისუფლება" კვლევის მიხედვით 2,8 პროცენტს აიღებს. "ლელოს" 2,1 მეათედი პროცენტის მხარდაჭერა აქვს. 1-დან 2 პროცენტამდე მერყეობს გამოკითხულთა იმ ნაწილის მხარდაჭერა, ვინც "პატრიოტთა ალიანსს", "მესამე ძალას", "მოქალაქეებს" "ლეიბორისტულ პარტიას" ან "ევროპული საქართველოს" ემხრობა. მმართველი პარტიის მიერ გასაჯაროებული კვლევის მიხედვით, ბათუმში "გირჩს" გამოკითხული მოსახლეობის 0.6 პროცენტი აძლევს ხმას. სხვა პარტიების საერთო პროცენტული მაჩვენებელი კი 4,9 პროცენტია.

პარტიულის გარდა, კვლევამ ბათუმის მერობის კანდიდატების პერსონალური რეიტინგების შედეგებიც შეისწავლა. კითხვაზე, "ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას  - "პროცენტები ასე გადანაწილდა: 54.1% ხმას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს მისცემდა. ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატს გიორგი კირთაძეს 30.6 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. ხოლო გიორგი გახარიას თანაგუნდელს ირაკლი მიქელაძეს 4.6 პროცენტი უჭერს მხარს.

ის, რაზეც სახელისუფლებო გუნდში საუბრობენ, არარეალისტურია იმ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისთვის, რომლებიც ბათუმის მერობისთვის იბრძვიან. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიციონერი კანდიდატი მოიპოვებს, საკრებულო კი მრავალპარტიული იქნება.

დღის ამბები