28 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მეგის ქარდავას ექსტრადირება - ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდ, რუსთავის ციხის სამარტოო საკანში მოათავსეს

სპეცრეისი კიევი-თბილისი შესრულებულია - მეგის ქარდავა ექსტრადირებულია და უკვე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. საქართველო ყოფილ მაღალჩინოსანს 8 წლის განმავლობაში ეძებდა.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, ორჯერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული ყოფილი მაღალჩინოსანი, ადამიანების, მათ შორის პატიმრების წამებისა და დამცირების, სექსუალური ძალადობის და წამებით გარდაცვალების საქმეების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მეგის ქარდავა საქართველოს დღეს უკრაინამ გადმოსცა.

არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულ მეგის ქარდავას გამომძიებლებმა ბრალი ოფიციალურად თვითმფრინავის ბორტთანვე გააცნეს. იმის გამო, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ 11-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამართლებრივი პროცედურა გახანგრძლივდა.

სპეციალური თვითმფრინავი კიევიდან, რომელშიც მეგის ქარდავა ხელბორკილებით ქართველ სამართალდამცველებთან ერთად იჯდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღის 5 საათზე დაფრინდა. სამართლებრივი პროცედურების შემდეგ ის პენიტენციური დაწესებულების ავტომობილით, რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს და სავარაუდოდ სამარტოო საკანში შეასახლეს. დაწესებულებასთან ყოფილ მაღალჩინოსანს არავინ დახვდა.

ძებნილი მეგის ქარდავა თავს უკრაინას აფარებდა. გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულის გადმოსაცემად, მეზობელი ქვეყნის კოლეგებს შუამდგომლობით მიმართა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილი მაღალჩინოსანი ახლა ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ექსტრადიციის დეტალებზე ოფიციალური განმარტება დღეს საგამოძიებო უწყებაში გაკეთდა.

მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება, სავარაუდოდ დაცვის მხარე აპელაციისთვის გასაჩივრების ვადებსაც გამოიყენებს.

მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის დროსაც იყო განხილული, სწორედ მას შემდეგ დაიწო სამართლებრივი პროცედურები.

დღის ამბები