28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
გადმოვარდა, თუ გადმოაგდეს - "მთავარი არხის" ოპერატორმა ქარელში მომხდარი ინციდენტის ვერსია შეცვალა

ქარელში, გუშინ მომხდარ ინციდენტზე დღეს ისევ სხვადასხვა ინტერპრეტაციები ისმის.

"მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია, რომელიც უკვე გაწერეს კლინიკიდან, დღეს უფრო ვრცლად საუბრობს "ქართული ოცნების" შტაბში მომხდარ დაპირისპირებაზე, თუმცა, ამჯერად, თავად ამბობს, რომ
დაპირისპირებისას წონასწორობა დაკარგა და გადავარდა.

ოპერატორის მეორე სართულიდან გადავარდნის კადრები არცერთ კამერაზე არ არის დაფიქსირებული, თუმცა გასაჯაროებულია ვიდეო, რომელზეც გადავარდნის შემდგომი პერიოდია აღბეჭდილი. 

ბრალდებებს უარყოფენ "ქართულ ოცნებაში" - მმართველი პარტიის ქარელის მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ მის თანამშრომლებს "მთავარი არხის" ოპერატორის ფიზიკურად არ შეხებიან და ის მეორე სართულის მოაჯირიდან შემთხვევით გადავარდა. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერი ინციდენტის შემდგომ პერიოდს ასახავს და კადრებში კარგად ჩანს, რომ ოპერატორი უგონო მდგომარეობაში არ იყო და ჟურნალისტთან ერთად გადაადგილდებოდა.

"მთავარი არხის" ოპერატორმა "ნიუ ჰოსპიტალის" სამედიცინო დაწესებულება დღეს დილით დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, ამ მუხლს არ ეთანხმება ბექა ყორშიას და ლევან აბლოთიას ინტერესების დამცველი. დიმიტრი საძაგლიშვილი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ქმედებას და ოპერატორისთვის ხელის კვრას.

ამავე თემაზე
დღის ამბები