28 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ცნობილი და წარმატებული პროექტების ლიცენზირებული ანალოგები, განახლებული დილისა და შუადღის გადაცემები - "რუსთავი 2" ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს

"რუსთავი 2-ზე" ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო - ცნობილი და წარმატებული პროექტების ლიცენზირებული ანალოგები, დილისა და შუადღის განახლებული გადაცემები. ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტი "ნიჭიერი", "ელენის შოუს" ქართული ანალოგი - ამ და სხვა არაერთ თოქშოუსა თუ გადაცემას მაყურებლისთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი სახეები წაიყვანენ. 

უკვე 20 წელია ყოველ დილას, ზუსტად 8-ის ნახევარზე "რუსთავი 2" თავის ერთგულ მაყურებელს ასე ესალმება "დილა მშვიდობისა საქართველო".

The Talk - შოუ პირველად ეთერში ხვალ 23:00 საათზე გავა, გადაცემას 5 ერთმანეთისგან განსხვავებული გამოცდილების და პროფესიის წამყვანი ჰყავს.

უკვე ცნობილია ვინ იქნება "ელენის შოუს" ქართული ანალოგის წამყვანი. მსახიობი ანა ჩირაძე თავის სტუმრებთან ერთად მაყურებელს სთავაზობს "ანას შოუს", რომელშიც დიდწილად გასართობი სეგმენტი იქნება და დროებით ყველა პრობლემას დაგავიწყებთ.

მხიარულ გადაცემას უნდა ელოდოთ შაბათ საღამოსაც - იუმორისტულ შოუს "რუსთავი 2-ზე" ნიკოლოზ ნანიტაშვილი წაიყვანს.

სულ მალე "რუსთავი 2-ზე" ყველასთვის საყვარელი პროექტი "ნიჭიერი" დაბრუნდება - მეგაშოუს ჩაწერები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაწყებულია. კომპეტენტური ჟიური და წამყვანები აანონსებენ სეზონს, როგორიც ჯერ არ ყოფილა.​ "ნიჭიერთან" ერთად დაიწყება პროექტი "დიდი ქართველები".

"რუსთავი 2-ის" ერთგული მაყურებელი ახალ სეზონზე ისევ უნდა დაელოდოს "ფარულ კონვერტს" და გადაცემას "ექიმები". შაბათ-კვირას კი უქმეები ახალი დროით, ახალი ფორმატით და ახალი წამყვანებით დაბრუნდება.

ტრადიციულ უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას "კურიერის" გუნდი, საინფორმაციო სამსახური ყოველ 1 საათში მაყურებელს ყველა ახალ ამბავს გააცნობს და მოგიყვებათ იმ რეალობაზე, რომელიც ერთია. "კურიერის" წამყვანებს ახალ სეზონზე შეუერთდა ჟურნალისტი ბექა პატურაშვილიც.

სიახლეა 9 საათიან "კურიერშიც", სადაც ორი თაობის ჟურნალისტები - ნათია ლაზაშვილი და ჩვენი კოლეგის და მეგობრის გიორგი სანაიას შვილი სანდრო სანაია უძღვებიან. სანდროსთვის ეს არის სივრცე, რომელიც ბევრ ემოციას იტევს.

წინასაარჩევნო მღელვარებაა ქვეყანაში და იმისთვის, რომ ამომრჩეველმა  სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს, დავით კაკულია კითხვებს "ღამის კურიერის" ეთერში კვლავ დასვამს.

იმისთვის, რომ "რუსთავი 2-ის" მაყურებელი არ ჩამორჩეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიიღოს ყველა კითხვაზე პასუხი, ჩვენ კითხვებს ვსვამთ "დღის კურიერშიც".

"რუსთავი 2" ახალ სეზონს მრავალფეროვანი და დატვირთული ბადით იწყებს. 27 წლიანი ისტორიის არხი ერთგულ მაყურებელს მისთვის ნაცნობი და ასევე ახალი, არაერთი საინტერესო პროექტით უბრუნდება.

დღის ამბები