28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ქუჩებში მოძრაობის განტვირთვა და მგზავრებისთვის ლოდინის დროის 7 წუთამდე შემცირება - თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

საცობები ქალაქში დღის თითქმის ყველა მონაკვეთში ფიქსირდება, შეფერხებული მოძრაობა კი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეებისთვის დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი დროის გახანგრძლივებასთან. თბილისელები ფიქრობენ, რომ მდგომარეობას მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ნაკლები კერძო ავტომობილების მოძრაობა გააუმჯობესებს.

ქუჩებში მოძრაობის განტვირთვა და მგზავრებისთვის ლოდინის დროის შემცირება მინიმუმ 7 წუთამდე - სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას დღეს მერიამ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე საუბარი სწორედ ახალი ავტობუსების და მიკროავტობუსების დამატების საკითხით დაიწყო.

კახი კალაძის თქმით, უკვე სრულად განახლებულია ავტოპარკი. თუმცა, უახლოეს პერიოდში, ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 380 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები ივლიან დედაქალაქში. ეს რაოდენობა იმ უბნებშიც გადანაწილდება, სადაც ამ დრომდე ტრანსპორტი არ მოძრაობს. იგეგმება ყვითელი მიკროავტობუსების ახლით ჩანაცვლებაც. განახლდება მეტროს ვაგონებიც, რომელიც გაცილებით მეტ მგზავრს მოემსახურება, ვიდრე აქამდე.

განახლებული ავტოპარკის გადაადგილებას ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა უზრუნველყოფს - მერის მოადგილემ განმარტა, რომ სიახლე, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, გზებზე უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავს. შეგროვებული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა მეთოდმა უნდა შეამციროს მგზავრების ლოდინის პერიოდი და გაზარდოს მოძრაობის საშუალო სიჩქარე. სისტემის მთავარი მიზანი კი, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.

ველობილიკებით მოსარგებლეთა რაოდენობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია, აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ველოსიპედებისთვის ხაზების დამატება. კახი კალაძის თქმით, უკვე დაწყებულია ახალი საბაგირო გზების მშენებლობაც.​

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად იგეგმება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებულებისთვის ანაზღაურების დარეგულირება და მომატება.

დღის ამბები