28 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"დედაშენს დავაჭერინებ, ბიჭებს დავიქირავებ და თქვენს თავს გადავაწვევინებო" - რა დეტალებს ყვება თვითმკვლელობამდე მიყვანილი ბავშვის დედა

ცხრა წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისთვის დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 49 წლის ბრალდებული შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს - გადაწყვეტილება დაკავებულის დასწრების გარეშე გამოცხადდა.

9 წლის ბავშვის დედა კი იმ დეტალებს იხსენებს, რასაც ბრალდებული მის შვილს ეუბნებოდა. მისი თქმით, მუქარა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. 

"ციგანი ხარ და ციგნის გამონაცვალი ტანსაცმელი გაცვიაო, ამას ეუბნებოდა ბავშვს ხალხის თანდასწრებით და ამასთან როგორ თამაშობთ, ესენი მათხოვრები არიანო - ბავშვებს უმეორებდა. კამერითაც უღებდა და ამბობდა, ნახეთ ეს არის ის მათხოვარი ბავშვიო. ამ ყველაფერმა ბავშვზე იმოქმედა, ის დაემშვიდობა ჩემს დას და ატირებული წამოვიდა. დედიკო მრცხვენიაო, ასე მეუბნებოდა ბავშვი. ის ქალი ბავშვს თითქმის ყოველდღე ემუქრებოდა, დედაშენს დავაჭერინებ, არ მოვისვენებო და თქვენ კი ბავშვთა სახლში გაგიშვებთო. ბიჭებს დავიქირავებ, თანხას გადავუხდი და თქვენს თავს გადავაწვევინებო,  ეს გრძელდებოდა 5 თვის განმავლობაში. მისი მიზანი კი იყო იმ ფართის დაუფლება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და აქ შემოსახლება,"- აცხადებს ბავშვის დედა. 

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ "საქმე შეთითხნილია" და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, დაისჯება. 

"სამწუხაროა, რომ სასამართლო ემოციებს აფუძნებს გადაწყვეტილებას, როცა პირიქით უნდა იყოს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნებისმიერი განჩინება. ეს საქმე აბსოლუტურად შეთითხნილია. ბავშვის გამოყენებით, ადამიანის მიმართ ასეთი პროვოცირება დასჯადი ქმედებაა. ჩვენ გადავატრიალებთ ამ სისხლის სამართლის საქმეს და დავამტკიცებ, რომ ეს არის ცრუ დასმენა. მოცემული საქმის ყველა მონაწილე დაისჯება,"- აცხადებს დაკავებულის უფლებადამცველი. 

ქალს მეზობელ ბავშვზე ძალადობას ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონას სისტემატურად ამცირებდა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით ემუქრებოდა. ბავშვმა სუიციდი სცადა, ქალი კი იმავე დღეს დააპატიმრეს.


დღის ამბები