28 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
სააკაშვილის დასაბრუნებლად შექმნილი "საერთო სახალხო მოძრაობა" - ენმ ერთადერთი პარტიაა, რომელმაც თაკო ჩარკვიანს იდეა მოუწონა

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა ახალი მოძრაობა მხოლოდ ერთი მიზნით - მე-3 პრეზიდენტის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნებისთვის შექმნა. თაკო ჩარკვიანს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს. ინიციატივის გასაჯაროებიდან მალევე ახალი მოძრაობის წევრობის პირველი მსურველებიც დარეგისტრირდნენ. ჩარკვიანი სააკაშვილის ჩამოსვლისთვის სასურველ დროსაც ასახელებს. ამბობს, რომ იდეა დამოუკიდებლად მოიყვანა სისრულეში, თუმცა მოძრაობის დაფუძნების შემდეგ მზადაა ყოფილ პრეზიდენტთან კომუნიკაციაც ჰქონდეს.

"კანონი და სამართლის" ლიდერს ინიციატივის გამო მადლობა გადაუხადეს "ნაციონალურ მოძრაობაში". იდეა მოუწონეს და პირობაც მისცეს, რომ მომავალ საქმიანობაში ახალ მოძრაობას მხარს დაუჭერენ.

ოპოზიციური პარტიების მხრიდან თაკო ჩარკვიანის ინიციატივა არასერიოზულად აღიქვეს. პოლიტიკურ ძალებში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზეა გათვლილი.

"საერთო სახალხო მოძრაობის" შექმნის ინიციატივა მმართველი პარტიისთვის პოპულისტურია. "ქართულმა ოცნებამ" თაკო ჩარკვიანის იდეა წინასაარჩევნო პიარკამპანიას დაუკავშირა. ექსპრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას პასუხისგება მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს.

მიხეილ სააკაშვილმა რიგით მეჩვიდმეტედ დააანონსა, რომ საქართველოში ბრუნდება. თუმცა მის ამ განცხადებას რეალისტურად მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაში" და მის ბლოკში შემავალ პარტიებში აღიქვამენ, დღეს კი მათ რიგებს "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი კონკრეტული იდეით შეუერთდა.

დღის ამბები