28 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმე - "კურიერმა" გაარკვია, როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე

რაფაელ მურსაკულოვი უკვე ოფიციალურად არის ბრალდებული განზრახ მკვლელობაში. ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, ადვოკატს დღეს გადაეცა. 

სოფიო გოგლიჩიძე საქმის ძირითად მასალებს ჯერ არ გაცნობია, თუმცა რაფაელ მურსაკულოვის ინტერესების დამცველი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

"კურიერმა" გაარკვია თუ როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე. ახლა უკვე ბრალდებული, სავარაუდოდ ფიგურირებს მთაწმინდის ტერიტორიიდან ამოღებულ ვიდეო მასალებში. ამასთან, მისი დნმ გამოძიებამ მკვლელობის ადგილიდან ამოიღო. მკვლელს გაეჭრა ხელი და კვალი მთაწმინდის ფერდზე ამგვარად დატოვა. ახლა დნმ ანალიზი გამოძიების მთავარი მტკიცებულებაა. 

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობის საქმეზე დაკავებული წარსულშიც არის ნასამართლევი. მისი აყვანის შემდეგ კი, ის კიდევ ერთ დანაშაულში ამხილეს.

რაფაელ მურსაკულოვისთვის ბრალის წარსადგენად გამოძიებას 14 საათზე ნაკლები დრო რჩება. ამის შემდეგ აღკვეთ ღონისძიებაზე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს. მძიმე დანაშაულის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ შესაძლოა ხვალვე დაიწყოს.

დღის ამბები