28 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დააკავეს

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დააკავეს. რამდენიმე საათის განმავლობაში დამნაშავესა და პოლიციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. 

თავდამსხმელის დაკავებამდე უსაფრთხოდ გათავისუფლდა ყველა მძევალი, რომლებიც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ბანკის ფილიალში შეჭრისას აიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ქეთი კოვზიაშვილის განცხადებით, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმაზე საქმე 3 მუხლითაა აღძრული, დანარჩენ დეტალებზე კი უწყება მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას. 

"გიდასტურებთ, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, რომელიც იყო ბანკში და ჰყავდა მძევლები აყვანილი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა მძევალი თავისუფალია, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ. გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული,"-აცხადებს ქეთი კოვზიაშვილი. 

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით სამი საათის წინ შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევრ მილიონს ითხოვდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

სპეცოპერაცია ყვარელში მძევლების გათავისუფლებისა და შეიარაღებული თავდამსხმელის დასაკავებლად რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

დღის ამბები