28 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
გუშინ, გიორგი გახარიამ "ღამის კურიერში" 20-მდე ტყუილი თქვა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, 6 სექტემბრის "ღამის კურიერის" ეთერში, დაახლოებით, 20 ტყუილი თქვა.

ირაკლი კობახიძე იხსენებს, რომ არჩევნების შემდეგ მაშინდელი პრემიერი, გიორგი გახარია "ინერტული იყო" და არ ჰქონდა მოტივაცია კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად, რაშიც, როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაციის დაწყებაც იგულისხმება.

"გუშინდელი გადაცემის განმავლობაში, მან თქვა, ალბათ, სადღაც, 20-მდე ტყუილი, ფაქტობრივი ტყუილი, რაზეც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, იქიდანაც საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ დაიწყო ვაქცინაცია, არათუ მანამდე. როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი, რა საქმესაც მოკიდა ხელი, იყო სწორედ ვაქცინაცია, ამ საკითხის განსაკუთრებული პრიორიტეტულობიდან გამომდინარე. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი, რომ დღეისათვის 1.5 მილიონი აცრაა ჩატარებული. ეს იყო მარტივი ტყუილი.

რაც შეეხება კრიზისების მართვას - აქ იგულისხმებოდა პანდემიის მართვის პირველი ფაზა, შემოდგომის შემდეგ ყველა კუთხით გვქონდა პრობლემები. მე გავიხსენე ერთხელ, როგორ შევხვდით სპეციალურად მე და კახა კალაძე მას, მისსავე კაბინეტში, ეს იყო იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში, წელს, იმდენად ინერტული იყო, გვინდოდა, რაღაცნაირად მისი გააქტიურება და ვუთხარით, რომ ყველანაირად გვერდით დავუდგებოდით, ოღონდაც მეტი ენერგიით ემუშავა პრობლემების გადასაჭრელად - აქ ვაქცინაციაც იგულისხმებოდა და ყველაფერი სხვაც. ძალიან ინერტული იყო, თუ გახსოვთ, არჩევნებიდან თებერვლის ბოლომდე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

ჩვენ არ გვჯერა, რომ ის ღალატი, რომელიც მოხდა 18 თებერვალს, იმ დღეს დაიგეგმა. იქ იყო რაღაც პროცესები თვეების განმავლობაში და, მერე რომ ვიხსენებდით, კიდევ ბევრი რამ გაგვახსენდა. რაღაცები მიანიშნებს იმაზე, რომ ის უკვე იყო რაღაცებისთვის მომზადებული და აქედან გამომდინარე, მას ინტერესი იმის მიმართ, რომ კონკრეტული რაღაცები ეკეთებინა, გამქრალი ჰქონდა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები