28 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ჩვენ არ ვეხებით არცერთ სხვა საკითხს, რაზეც იყო შეთანხმება, გარდა პროკურორის არჩევის წესისა - მამუკა მდინარაძე

უკვე ერთი საათია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველ გუნდში განხილულ თემებზე ჟურნალისტებთან კომენტარი "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, პროკურორის არჩევის წესი, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად უნდა შეცვლილიყო, არ შეიცვლება, რადგან შეთანხმება ანულირებულია, ხოლო ხსენებული ცვლილება არაპრაქტიკული და იურიდიულად ლოგიკას მოკლებულია. 

"ჩვენ არ ვეხებით არცერთ სხვა საკითხს, რომელიც იყო პირველივე ვერსიაში გათვალისწინებული, რაზეც იყო შეთანხმება, გარდა ერთისა - ხვალ ჩვენ სხდომაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელსაც, პრაქტიკულად, დასავლურ, ცივილურ სამყაროში პრეცედენტი არ გააჩნია. ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე მივდიოდით მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, მაგრამ, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან ეს დოკუმენტი ანულირებულია, ამის არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია.

ვფიქრობთ, რომ გადავწყვიტოთ ეს საკითხი თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისად და მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები იქცევიან  - ჩავწეროთ კონსტიტუციაში, უფრო სწორად, დავტოვოთ ისეთივე ჩანაწერი, რომელიც პროკურორის არჩევის წესთანაა დაკავშირებული, მათ შორის სხვა ქვეყნებშიც,  რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს. 

გახსოვთ ალბათ "ცესკოს" წევრების და თავმჯდომარის არჩევის წესი. პრაქტიკულად, ესეც იყო ფორმალური დათქმა, რადგან ჩვენ სამჯერ ფორმალურად ვუყარეთ კენჭი იმიტომ, რომ შემდეგ კიდევ გვეყარა კენჭი და უბრალო უმრავლესობით აგვერჩია ცესკოს წევრი ან თავმჯდომარე, ასეთივე დათქმა იწერებოდა პროკურორთან დაკავშირებით, რაც არ არის პრაქტიკული, არც გამომდინარეობს რაიმე იურიდიული ლოგიკიდან. აქედან გამომდინარე, დარჩება ისე, როგორც არის, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით, ხვალ კენჭისყრა იქნება ისე და ისე დავუჭერთ მხარს, როგორც ეს პირველივე ვერსიაშია გათვალისწინებული,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მისივე თქმით, ძალაში დარჩება ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხიც.

"არ დაგიმალავთ, რომ ბარიერის 2%-მდე დაწევაზე დღესაც იყო მსჯელობა და ჩვენ გვქონდა არგუმენტები, რომ ეს არის შეთანხმების საგანი. და, კი ბატონო, ვერავინ დაუშლის ვერცერთ დეპუტატს, რომ სხდომაზე ამაზე იმსჯელოს, თუმცა უდიდესი ალბათობით, ხვალ, კენჭისყრის დროს, ჩვენ ამ საკითხს არ შევეხებით და ისევე ეყრება კენჭი, როგორც ეს იყო პირველ ვერსიაში გათვალისწინებული, ანუ, 2%-იანი ბარიერი დარჩება ამ მოსმენის დროს.

ფრაქციების დაკომპლექტების წესს რაც შეეხება, აქ არის ლოგიკა, ამას არც შეთანხმება სჭირდება და არც რაიმე სხვა. იურიდიული ლოგიკა ნამდვილად არის, რომ თუ დაბალია ბარიერი, შესაბამისად უნდა მიეცეს პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა, რომ მას შეეძლოს დააკომპლექტოს ფრაქცია. ანუ, შესაბამისი ფრაქციის წევრების რაოდენობაც ამაზე  უნდა იყოს მიბმული, ამიტომ, ამ საკითხს არ ვეხებით,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ ასევე ეყრება კენჭი 20 ივნისის დროს ბრალდებული პირების ამნისტირებისა და კოვიდრეგულაციების დამრღვევი პირების ამნისტირების საკითხს. 

დღის ამბები