28 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

კანდიდატებმა შეხვედრები ზაჰესის და ავჭალის დასახლებებიდან დაიწყეს, იმყოფებოდნენ გლდანის ხევში, გლდანის 7-ე მიკრორაიონში და მუხიანის აგარაკების დასახლებაში. კახა კალაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

"გასული ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბევრი პროექტი განხორციელდა. მართალია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამაზე თვალებს არ ვხუჭავთ. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში - ამ სიტყვების უკან დგას ყველა რაიონში განსახორციელებელი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი მარშრუტების შემუშავება და ა.შ. არ არსებობს პრიორიტეტული რაიონები, დედაქალაქის ბიუჯეტი ყველგან თანაბრად გადანაწილდება. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს შრომა არ ეზარება. სამწუხაროდ, პანდემიამ ზოგი პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. როგორც იცით, ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა და ამ პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები მათკენ გადამისამართდა. ამიტომაც, პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ეს პროექტები კი აუცილებლად განხორციელდება. მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს," - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას რაიონის განვითარების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

 

დღის ამბები