28 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირი არ არის ერთი პროექტი, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების განვითარება - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ყველა ყვითელი მიკროავტობუსი ახალი მიკროავტობუსით ჩანაცვლდება. მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

მისივე თქმით, იგეგმება 160 ახალი ავტობუსის შემოყვანაც. 

"ეს არის საკმაოდ მასშტაბური და გრძელვადიანი რეფორმა და ის არ შედგება მხოლოდ ერთი კომპონენტისგან, მხოლოდ ავტობუსების ჩანაცვლება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. თქვენ იცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი პუნქტისგან შედგება, იგივე ზონალურ-საათობრივი პარკირება, რომელიც შემოვიღეთ, განვახორციელეთ რამდენიმე საპილოტე პროექტი ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ უბანში და ახლა გვინდა, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს, როგორც ეს ყველა განვითარებულ, ევროპულ ქალაქშია.

პარალელურად, ხდება ავტობუსების ჩანაცვლება. დღეს, ფაქტობრივად, მთლიანი პარკი ჩანაცვლებულია, მიკროავტობუსებია დარჩენილი და წლის ბოლომდე ყველა ახალი მიკროავტობუსი გვეყოლება, არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს ქალაქში, ისე, როგორც ავტობუსები. ვაპირებთ 18 მეტრიანი 200 ერთეული ახალი ავტობუსის შემოყვანას, ამას ემატება 160 რვა მეტრიანი ავტობუსი იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ტრანსპორტის გადაადგილება, უფრო კომფორტული გავხადოთ.

პარალელურად, მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - ეს არის ბასლაინები, საავტობუსე ზოლები. ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს ეს, მაგრამ მომავალი სწორედ ამისკენაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ჭავჭავაძე არ არის უბრალოდ ერთი გაკეთებული პროექტი, ჭავჭავაძე არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს თბილისის ქუჩების განვითარება. თავიდან ბევრი კრიტიკა დავიმსახურეთ, ზოგადად, სიახლეებთან დაკავშირებით ყოველთვისაა ეს კრიტიკა, მაგრამ ის სიკეთეები, რაც აქვს ჭავჭავაძის გამზირს, ჯერ საზოგადოებას ბოლომდე არ უგრძვნია, რადგან მას გაგრძელება სჭირდება - მელიქიშვილი, კოსტავა, რუსთაველი. ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია. ასევე, ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც განსაზღვრავს ქალაქში საცობების განტვირთვას, ესეც საკმაოდ ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ,"- აღნიშნა თბილისის მერმა. 

დღის ამბები