28 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"შეხვედრა შედგა თვითონ გიორგის მოთხოვნით, რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო.." - კახა კალაძე გიორგი გახარიასთან შეხვედრას იხსენებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეხვდა ყოფილ თანაგუნდელს და პრემიერს, გიორგი გახარიას. მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი სწორედ ყოფილი პრემიერი იყო. 

"შეხვედრა შედგა თვითონ გიორგის მოთხოვნით, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი ჩემს ტელეფონზე. შეხვედრები მქონდა მთელი დღის განმავლობაში, ვერ ვუპასუხე, რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო და დილით მთხოვა შეხვედრა. ვიმყოფებოდი მერიაში, სადაც მთავრობის სხდომა უნდა გამართულიყო და ვუთხარი, რომ თუ სურვილი ჰქონდა, შეიძლებოდა მერიაში ჩატარებულიყო ეს შეხვედრა და მართლაც მოვიდა. თვითონ მითხრა, სადაც ჩათვლი საჭიროდ, მოვალო.

რაზეც იყო საუბარი, რომ ის აყენებდა თავის კანდიდატურას და უნდოდა ეს გაეზიარებინა ჩემთვის, ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო ტელეფონითაც გაკეთებულიყო, ამიტომ ეს იყო მიზეზი ჩემი განცხადებისა, როდესაც ვთქვი, რომ ვერ გავიგე შეხვედრის მიზეზი რა იყო, თუმცა, საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ამაზე.

მე, რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს, მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც მიიჩნევს საჭიროდ და დანარჩენი ყველაფერი თბილისის მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ძალიან მალე გამოჩნდება ყველაფერი,"-განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მართალია თუ არა ფაქტი, როგორც ეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ მას თანხის სანაცვლოდ კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ პირადად მასთან ეს საუბარი არ ყოფილა. თუმცა, მერმა აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარე არ ტყუის. 

"ჩემთვის არაფერი უთხოვია. ჩემთან არ იყო ეს საუბარი, მე ამაზე უკვე გავაკეთე განმარტებები, ჩემთან არ ყოფილა ამაზე საუბარი.  

ჩემი მხრიდან უხერხულია ამაზე საუბარი და თავს შევიკავებ შევიდე კონკრეტიკაში, თუმცა, რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ის არ ტყუის. დეტალებში არ მინდა ამაზე საუბარი,"-აღნიშნა კახა კალაძემ. 

დღის ამბები