ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. შტორმმა "იდამ" 60 ადამიანი იმსხვერპლა. დაღუპულთა უმეტესობა უცებ მოვარდნილი წყლის გამო მანქანებში დაიხრჩო. სამ შტატში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
სტიქიის შედეგად დაიტბორა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენი. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიისგან დაზარალებული ადგილობრივები დატბორილი სახლებიდან მაშველებს ნავებით გამოჰყავთ.
ჩანჩქერებად ქცეული მეტროსადგურები და მდინარეები ქუჩებში - შეერთებული შტატები ქარიშხალ "იდასგან" მიყენებულ ზარალს ითვლის. გარდაცვლილები არიან ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიასა და კონექტიკუტში. არიან დაკარგულებიც.
ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სტიქიისგან მიყენებული ზარალი შესაძლებელია ათობით მილიარდ დოლარს გაუტოლდეს.
თეთრ სახლში გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სტიქიისგან დაზარალებული შტატების გუბერნატორებს დახმარება აღუთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ამერიკის ზოგიერთ ნაწილში ამ დრომდე გრძელდება საევაკუაციო პროცესი. სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დატბორილი სახლებიდან მაშველებს ნავებით გამოჰყავთ. ეკოლოგები შეერთებულ შტატებში დამანგრეველ შტორმებსა და ხანძრებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.